ხაშურის მუნიციპალიტეტში, E60 ავტომაგისტრალის ზემო ოსიაური-ჩუმათელეთი კმ7-კმ14 მონაკვეთის მშენებლობა (ლოტი 2) 2021 წლიდან მიმდინარეობს და დასრულება 2024 წელს იგეგმება. ჯამში აშენდება 6.4 კმ გზა. პროექტი მოიცავს 11 ხიდსა და 5 გვირაბს.
აღნიშნული მონაკვეთი უკვე ექსპლუატაციაში შესული ხაშურის შემოვლითი 13 კმ-იანი გზის გაგრძელებაა. ხაშურის შემოვლითმა გზამ მნიშვნელოვნად განტვირთა ქალაქი საცობებისგან. ტრანზიტული მოძრაობა კი, სრულადაა გადატანილი ახალ გზაზე. აღნიშნული გზის გახსნის შედეგად, მგზავრობის დრო 40-50%-ით შემცირდა.
ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის მეორე მონაკვეთის გახსნის შემდეგ, მგზავრები ჩრდილოეთიდან გვერდს აუვლიან სურამსა და ჩუმათელეთს და გამოვლენ რიკოთის გვირაბთან.
ზემო ოსიაური-ჩუმათელეთი კმ7-კმ14 მონაკვეთის მშენებლობაზე 504 ადამიანია დასაქმებული, მათ შორის 282 საქართველოს მოქალაქეა.
პროექტის სამშენებლო სამუშაოებს საერთაშორისო კომპანია Sinohydro Corporation Limited ახორციელებს.
პროექტი დაფინანსებულია დონორი ორგანიზაციის, მსოფლიო ბანკის (World Bank)-ის მიერ და მისი ბიუჯეტი 265 მლნ ლარია.
ზედამხედველობას საერთაშორისო კომპანია IRD ENGINEERING SRL უწევს. საზედამხედველო ჯგუფი ობიექტზე ამოწმებს გამოსაყენებელი სამშენებლო მასალების და შესრულებული სამუშაოების შესაბამისობას, ატარებს საჭირო ლაბორატორიული ტესტირებებს, აწარმოებს ხარისხის კონტროლს, ამოწმებს შრომისა და უსაფრთხოების შესაბამისობას სამუშაოების მიმდინარეობისას, ათანხმებს სამშენებლო სამუშაოების მეთოდოლოგიებს, ამოწმებს სამუშაოების გეგმა-გრაფიკების შესრულებას, შესრულებული სამუშაოების მოცულობებს, სწავლობს გარემოსა და სოციალური საკითხებს, ამზადებს ყოველთვიურ ანგარიშებს და ამტკიცებს ტექნიკურ დოკუმენტაციებს (ნახაზებს, საინჟინრო ანგარიშებს).