ხშირად დასმული კითხვები

გზის კონკრეტული მონაკვეთის შერჩევის შემდეგ, აუცილებლად ტარდება ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა. სწორედ ეს კვლევა განსაზღვრავს, რამდენად მიზანშეწონილია პროექტის განხორციელება სოციალურ-ეკონომიკური, თუ სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. შემდეგი ეტაპია იმის დადგენა, თუ რა მიმართულებაზე უნდა გავიდეს გზა, რა იქნება სარგებელი და რა ალტერნატივები არსებობს. საბოლოოდ, მულტიფუნქციური ანალიზის საფუძველზე, დგინდება საუკეთესო მიმართულება და ტარდება უფრო კონკრეტული კვლევები – გეოლოგია, გეოდეზია, გეოფიზიკა, ჰიდროლოგია და სხვა საინჟინრო კვლევები. სწორედ ამ კვლევების შედეგების საფუძველზე მუშავდება დეტალური პროექტი. მეორე ეტაპი ამ პროექტისათვის გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტის შემუშავებაა. ასევე, იქმნება ალტერნატივების დოკუმენტი და განსახლების გეგმაც.

აღსანიშნავია, რომ კვლევებს ახორციელებენ კომპანიები და ექსპერტები, რომლებიც, როგორც წესი, შერჩეულნი არიან საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების შესყიდვების წესების შესაბამისად. პრეტენდენტებს ორ ეტაპად აფასებენ. ესენია: კომპანიისა და პროექტირებაში ჩართული ექსპერტების გამოცდილების შეფასება და ფასი. პროპორციულად 80% ენიჭება გამოცდილებასა და კვალიფიკაციას, ხოლო 20% ფასს.

გარდა ამისა, იმ შემთხვევაში, თუკი პროექტი ფინანსდება საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ, ისინი დამოუკიდებლად რთავენ თავიანთ ექსპერტებს განხილვის პროცესში. შესაბამისად, პროექტის თითოეული ეტაპის აუდიტი ხდება მათ მიერ.

 

დაფინანსების პროცედურები განსხვავდება იმის მიხედვით, თუ ვინ აფინანსებს პროექტს – სახელმწიფო, თუ დონორი ორგანიზაცია.

დეტალური პროექტის წარდგენის შემდეგ, დონორი ორგანიზაციები, ქირაობენ კონსულტანტებს სხვადასხვა მიმართულებით, აკეთებენ დეტალურ რევიზიას და წარმოადგენენ საბოლოო პასუხს, დააფინანსებენ თუ არა კონკრეტულ პროექტს. თითოეულ ორგანიზაციას განსხვავებული პროცედურები აქვს.

პროექტის დაფინანსებაზე დასტურის შემდეგ, დონორი ჩართულია სამუშაოების შემსრულებელი კონტრაქტორების შერჩევაშიც. კონტრაქტორების შერჩევა ხდება საფინანსო ინსტიტუტების წესების შესაბამისად, სატენდერო პირობების განსაზღვრის ეტაპიდან ხელშეკრულების მინიჭების ეტაპის ჩათვლით.

სახელმწიფო ბიუჯეტით პროექტის დაფინანსების მიზანშეწონილობა განისაზღვრება მისი ტექნიკურ-ეკონომიკური საჭიროებიდან. პროექტს ამტკიცებს დამკვეთი და იგზავნება ექსპერტიზაზე. სახელმწიფო ბიუჯეტით განსაზღვრული ასიგნებების ფარგლებში, სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის საფუძველზე ცხადდება ტენდერი და პრეტენდენტთან, რომელიც აკმაყოფილებს სატენდერო პირობებს და აქვს უმცირესი ფასი, ფორმდება ხელშეკრულება.

გზების სამშენებლო სამუშაოების მონიტორინგს ახორციელებენ საერთაშორისო კომპანიები, რომლებიც შერჩეულნი არიან საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წესების შესაბამისად, სატენდერო პირობებით. მონიტორინგი ხორციელდება სამუშაოების ყველა ეტაპზე, 24 საათის განმავლობაში.

საზედამხედველო ჯგუფი ობიექტზე ახორციელებს სამშენებლო სამუშაოების მონიტორინგს პროექტთან მიმართებაში – ამოწმებს გამოსაყენებლი სამშენებლო მასალების და შესრულებული სამუშაოების შესაბამისობას, ატარებს შესაბამის ლაბორატორიული ტესტირებებს, აწარმოებს ხარისხის კონტროლს, მონიტორინგს უწევს შრომის და უსაფრთხოების შესაბამისობას სამუშაოების მიმდინარეობისას, ითანხმებს სამშენებლო სამუშაოების მეთოდოლოგიებს, ამოწმებს სამუშაოების გეგმა-გრაფიკების შესრულებას, ამოწმებს შესრულებული სამუშაოების მოცულობებს და ამტკიცებს მათ, აწარმოებს კონტროლს სამუშაოების მიმდინარეობის ადგილზე, მონიტორინგს უწევს გარემოსა და სოციალური საკითხებს სამუშაოების მიმდინარეობისას,  ამზადებს ყოველთვიურ ანგარიშებს, ამოწმებს და ამტკიცებს ტექნიკური დოკუმენტაციებს.

 

საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ დაფინანსებულ პროექტებში საქპროექტო , სამშენებლო თუ საზედამხედველო კომპანია შეირჩევა საერთაშორისო ტენდერის გზით. სატენდერო დოკუმენტების მომზადების ეტაპიდან ხელშეკრულების მინიჭების პროცესის ჩათვლით, ყველა ნაბიჯი თანხმდება დონორ ორგანიზაციებთან. პრეტენდენტი კომპანიები ფასდება მათ მიერ წარმოდგენილი ტექნიკური და ფინანსური წინადადების საფუძველზე. ხელშეკრულება უფორმდება იმ პრეტენდენტს, რომელიც ყველაზე მეტად აკმაყოფილებს სატენდერო მოთხოვნებს. სატენდერო მოთხოვნები კი შემუშავებულია დონორი ორგანიზაციის მიერ.

 

შესყიდვის პროცესის ყველა ეტაპი ექვემდებარება დონორის მიერ წინასწარ განხილვის პროცედურას.  სანქცირებულ კომპანიებს არ აქვთ უფლება, სამშენებლო სამუშაოები შეასრულონ.

სამშენებლო და საზედამხედველო კომპანიას აქვს ვალდებულება, ჰყავდეს უსაფრთხოების სპეციალისტი. აღნიშნული ვალდებულება სრულდება ყველა პროექტზე. მაღალკვალიფიციური ექსპერტები და სპეციალისტები უზრუნველყოფენ უსაფრთხოების პოლიტიკის გატარებასა და დაცვას სამშენებლო მოედანზე.

ძირითადად მაგისტრალური გზები გადის დაუსახლებელ ტერიტორიაზე, თუმცა სადაც მაგისტრალური გზების უახლოვდება დასახლებულ პუნქტებს, სამშენებლო მოედანზე ხდება უსაფრთხოების პირობების დაცვა სპეციალისტების მიერ.

ყველა პროექტს აქვს მოძრაობის მართვის წინასწარ მომზადებული გეგმა, ხოლო ამ პროექტით გამოწვეულ აუცილებელ შეფერხებებს მართავენ სპეციალურად გამოყოფილი პასუხისმგებელი პირები. გარდა ამისა, არეალი აღჭურვილია შესაბამისი საგზაო ნიშნებით.

აღნიშნული საკითხი რეგულირდება საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით და ტექნიკური რეგლამენტებით, რომლის აღსრულებასაც საზედამხედველო კომპანიის სპეციალისტები უწევენ მონიტორინგს.

დეტალური პროექტის განსაზღვრის შემდეგ, ექსპერტებისა და სპეციალისტების ჩართულობით, მზადდება გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში. ამ დოკუმენტში შეფასებულია მოსალოდნელი ზემოქმედება ისეთ საკვანძო საკითხებზე, როგორიცაა ჰაერის ხარისხი, ხმაურის ფონური დონე, ვიბრაცია, წყლის რესურსები, ფლორა და ფაუნა, დაცული ტერიტორიები, ნიადაგი, გეოლოგიური გარემო, სახიფათო პროცესების გააქტიურების რისკი, ლანდშაფტი და ა.შ.

სამუშაოების შემსრულებელი კონტრაქტორები ვალდებულები არიან, შექმნან ნებისმიერი ადგილისთვის სპეციფიკური გარემოს მართვის გეგმებიც. ისინი მუდმივად ახორციელებენ მონიტორინგს და თუ ვიბრაციის, ან ხმაურის დონე აჭარბებს სტანდარტებით დადგენილ ნორმებს, გატარდება შემარბილებელი ღონისძიებები. ასეთი ღონისძიებები შეიძლება იყოს ხმაურისა და ვიბრაციის ზემოქმედების შემცირება სხვადასხვა აღჭურვილობის, ან სამუშაო მეთოდების გამოყენებით.

გარდა ამისა, ადგილობრივ მოსახლეობაზე ნეგატიური ზემოქმედების შესამცირებლად, სამშენებლო ბანაკები ყოველთვის დაშორებულია დასახლებული პუნქტებიდან, საქართველოში მოქმედი გარემოს დაცვის სტანდარტებით გათვალისწინებული მანძილით.

 

დეტალური პროექტის შედგენის პროცესში, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, დონორ ორგანიზაციასა და პროექტირებაში ჩართულ ექსპერტებთან ერთად, ადგენს განსახლების გეგმას (ასეთის საჭიროების შემთხვევაში). პროექტის ზემოქმედების ქვეშ მოქცეული ადგილობრივი მოსახლეობის საკუთრებაში/ სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთების გამოსყიდვის მიზნით, გზების დეპარტამენტი იხდის შესაბამის საკომპენსაციო თანხებს.

 

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად, ეხმარება ადგილობრივ მოსახლეობას გამარტივებული გზით მიწების რეგისტრაციაში. მიწის რეგისტრაცია რეგულირდება არსებული კანონმდებლობით.

განსახლებისა და კომპენსაციის საჭიროების შემთხვევაში, გზების დეპარტამენტი მიმართავს ექსპერტიზას და საერთაშორისო შემფასებელს, რათა დადგინდეს მიწის ობიექტური ფასი.

გზების დეპარტამენტი სახელმწიფოს სახელზე არეგისტრირებს მხოლოდ ისეთ მიწის ნაკვეთებს, რომლებიც, აღწერა-ინვენტარიზაციის დროს, არ არის რეგისტრირებული საკუთრებაში, ან არავინ გამოთქვამს პრეტენზიას სარგებლობის შესახებ.

თითოეულ პროექტზე საჭიროებისამებრ განსაზღვრულია მოსახლეობისთვის სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, დამატებითი ღონისძიებების გატარება. მაგ. რიკოთის საუღელტეხილო მონკვეთზე, რამდენიმე ადგილას დაგეგმილია სპეციალური სავაჭრო სივრცეების მოწყობა. ასევე, სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში აშენდა საბავშვო ბაღი.

რიკოთის პროექტის მთავარი მიზანია მოძრაობის უსაფრთხოების დონის გაზრდა, მგზავრობის დროის შემცირება და მსოფლიო რუკაზე საქართველოს, როგორც ტრანზიტული, ჰაბის მნიშვნელობის გაძლიერება.

უპირატესობები:

  • საგზაო ქსელის განვითარება და თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა
  • სატრანზიტო გადაზიდვებისათვის შესაბამისი საგზაო ინფრასტრუქტურის შექმნა
  • ქვეყანაში ეკონომიკისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა
  • გზის გამტარუნარიანობისა და სატრანზიტო ტვირთბრუნვის ზრდა
  • აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფნის დასრულების შემდეგ, მანძილი შემცირდება 30 კმ-თი, ხოლო მგზავრობის დრო განახევრდება
  • ამ ეტაპზე წითელი ხიდიდან სარფამდე მანძილის გავლას სჭირდება 8 საათი, მშენებლობის დასრულების შემდეგ დასჭირდება 4-4,5 საათი

მოეწყობა სივრცე, სადაც ახლო სოფლების მოსახლეობას საშუალება მიეცემა, გამართული ინფრასტრუქტურის პირობებში, მოახდინონ თავიანთი ნაწარმის რეალიზაცია.

რიკოთის გზის მიმდინარე პროექტი მოიცავს 51.6 კმ (ჯამური სიგრძის) გზის მშენებლობას.

F1 (ჩუმათელეთი-ხევი – სიგრძით 11,6 კმ), F2 (ხევი-უბისა – სიგრძით 12,2 კმ), F3 (უბისა-შორაპანი – სიგრძით 13 კმ) და F4 (შორაპანი-არგვეთა – სიგრძით 14,7 კმ). პროექტის ფარგლებში აშენდება 97 ხიდი და 51 გვირაბი.

რიკოთის პროექტის ღირებულება შეადგენს 2 მილიარდ 546 მილიონ ლარს.

პროექტს რამდენიმე დონორი ორგანიზაცია აფინანსებს, ესენია: მსოფლიო ბანკი, აზიის განვითარების ბანკი და ევროპის საინვესტიციო ბანკი.

სამშენებლო სამუშაოები 2019 წელს დაიწყო.

გარკვეული მონაკვეთების მშენებლობა 2023 წელს დასრულდა, ხოლო რიკოთის უღელტეხილის მშენებლობის  სრულად დასრულება 2024 წელს იგეგმება.

საპროექტო სამუშაოები განხორციელდა საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების დაფინანსებით ხარისხზე და ფასზე დაფუძნებული ტენდერით შერჩეული მსოფლიოში წამყვანი საპროექტო-საკონსულტაციო კომპანიების მიერ (ერთობლივი საწარმო – ამერიკული – AECOM, თურქული – TEMELSU – F1, ერთობლივი საწარმო – იტალიური – IRD ENGINEERING S.R.L & SPEA Engineering S.p.A – F2, F3, F4).

საპროექტო სამუშაოების განხორციელების პროცესში, ჩატარდა კომპლექსური საველე-საკვლევაძიებო სამუშაოები, რომლებიც მოიცავდა ტოპოგრაფიულ, გეოლოგიურ და გეოფიზიკურ კვლევებს. ამ კვლევების საფუძველზე ჩატარდა შესაბამისი გეოტექნიკური გაანგარიშებები საქართველოში, საერთაშორისოდ მოქმედი სტანდარტებისა და პრაქტიკის შესაბამისად.

აღნიშნული საპროექტო სამუშაოები განხორციელდა საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების დაფინანსებით ხარისხზე და ფასზე დაფუძნებული ტენდერით შერჩეული მსოფლიოში წამყვანი საპროექტო-საკონსულტაციო კომპანიების მიერ: კორეული – PYUNGHWA – F0, ერთობლივი საწარმო – ამერიკული – AECOM, თურქული – TEMELSU – F1, ერთობლივი საწარმო – იტალიური – IRD ENGINEERING S.R.L & SPEA Engineering S.p.A – F2, F3, F4.