ბაღდათი-აბასთუმანის დამაკავშირებელ გზაზე 36 კმ-მდე მონაკვეთი უკვე დასრულებულია. გზის სრული რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია მნიშვნელოვნად გაზრდის უსაფრთხოების დონეს, შეამცირებს სამგზავრო მანძილსა და დროს (დაახლოებით 90-120 წუთით) საქართველოს ცენტრალური ნაწილიდან თურქეთის საზღვრამდე. გზის რეკონსტრუქცია ხელს შეუწყობს რეგიონში ეკონომიკური საქმიანობის განვითარებას და ტურისტული პოტენციალის სრულად ათვისებას.
ბაღდათი-აბასთუმნის მონაკვეთი მოიცავს ბაღდათს, ნერგეეთს, წყალთაშუას, წაბლარისხევს, საირმეს და აბასთუმანს. მონაკვეთის სიგრძე 73,3 კმ-ა და პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია 1 გვირაბისა და 8 ხიდის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციაც.
ახალი გზის მშენებლობით, ჩრდილოეთ-სამხრეთის კავშირი შენარჩუნდება ისე რომ კურორტზე ავტოტრანსპორტმა არ გაიაროს. ბაღდათი-აბასთუმნის განახლებული მარშრუტით ერთმანეთს უმოკლესი გზით დაუკავშირდება იმერეთის, სამცხე-ჯავახეთისა და აჭარის რეგიონები.
პროექტის განხორციელება 2020 წელს დაიწყო და 2024 წელს დასრულდება.
პროექტი დაფინანსებულია საქართველოს მთავრობის მიერ და მისი ბიუჯეტი 221 მლნ ლარია.