ბაკურციხე-წნორის ახალი, შემოვლითი გზა გვერდს აუვლის წნორსა და ექვს მიმდებარე სოფელს (ბაკურციხეს, კარდენახს, ანაგს, ვაქირს, მაშნაარს და საქობოს). ის სატრანსპორტო ნაკადები, რომელიც გადაადგილდებოდა წნორის ტერიტორიაზე, გადაინაცვლებს წნორის შემოვლით გზაზე, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს დასახლებული პუნქტების ეკოლოგიურ მდგომარეობას და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებას.
ახალი შემოვლითი გზა ალაზნის ველის მხარეს აშენდება და თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხი-აზერბაიჯანის საზღვრის საერთაშორისო გზას არსებულ შიდასახელმწიფოებრივ გზასთან დააკავშირებს.
მონაკვეთის სიგრძე 16,7 კილომეტრია და პროექტში გათვალისწინებულია 6 ხიდის მშენებლობა.
პროექტის სამშენებლო სამუშაოებს საერთაშორისო კომპანია China Road and Bridge Corporation ახორციელებს.
პროექტი დაფინანსებულია საერთაშორისო დონორი ორგანიზაციის, აზიის განვითარების ბანკის (ADB) მიერ და მისი ბიუჯეტი 87.8 მლნ ლარია.
სამშენებლო პროცესს ზედამხედველობას საერთაშორისო კომპანია IRD Engineering S.r.l უწევს. საზედამხედველო ჯგუფი ობიექტზე ამოწმებს გამოსაყენებელი სამშენებლო მასალების და შესრულებული სამუშაოების შესაბამისობას, ატარებს საჭირო ლაბორატორიული ტესტირებებს, აწარმოებს ხარისხის კონტროლს, ამოწმებს შრომისა და უსაფრთხოების შესაბამისობას სამუშაოების მიმდინარეობისას, ათანხმებს სამშენებლო სამუშაოების მეთოდოლოგიებს, ამოწმებს სამუშაოების გეგმა-გრაფიკების შესრულებას, შესრულებული სამუშაოების მოცულობებს, სწავლობს გარემოსა და სოციალური საკითხებს, ამზადებს ყოველთვიურ ანგარიშებს და ამტკიცებს ტექნიკურ დოკუმენტაციებს (ნახაზებს, საინჟინრო ანგარიშებს).