ამ ეტაპზე, ბათუმისკენ მიმავალი გზა ტურისტულ და საცხოვრებელ ზონებს კვეთს. სხვა პრობლემებთან ერთად, ეს ართულებს საერთაშორისო სატრანზიტო ტრანსპორტის მიმოსვლასაც.
ბათუმის ახალი შემოვლითი გზა გაივლის მახინჯაურს, განთიადს, კაპრეშუმს, სალიბაურს, ფერიას, მახვილაურსა და ხელვაჩაურს. შედეგად, ბათუმის შემოვლითი გზა სრულად განტვირთავს მოძრაობას აჭარის საკურორტო ზონაში და მნიშვნელოვნად გაჯანსაღდება ეკოლოგიური მდგომარეობა. აღნიშნული გზის სიგრძე 14 კმ-ია. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია 20 ხიდისა და 5 გვირაბის მშენებლობა.
ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობაზე 497 ადამიანია დასაქმებული, მათ შორის 353 საქართველოს მოქალაქეა.
პროექტის სამშენებლო სამუშაოებს საერთაშორისო კომპანია Joint venture POLATYOL & MAPA ახორციელებს.
პროექტი დაფინანსებულია დონორი ორგანიზაციების, აზიის განვითარების ბანკისა (ADB) და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მიერ და მისი ბიუჯეტი 329.6 მლნ. ლარია.
სამშენებლო პროცესს ზედამხედველობას საერთაშორისო კომპანია SMEC International Pty Ltd.of Australia უწევს. საზედამხედველო ჯგუფი ობიექტზე ამოწმებს გამოსაყენებელი სამშენებლო მასალების და შესრულებული სამუშაოების შესაბამისობას, ატარებს საჭირო ლაბორატორიული ტესტირებებს, აწარმოებს ხარისხის კონტროლს, ამოწმებს შრომისა და უსაფრთხოების შესაბამისობას სამუშაოების მიმდინარეობისას, ათანხმებს სამშენებლო სამუშაოების მეთოდოლოგიებს, ამოწმებს სამუშაოების გეგმა-გრაფიკების შესრულებას, შესრულებული სამუშაოების მოცულობებს, სწავლობს გარემოსა და სოციალური საკითხებს, ამზადებს ყოველთვიურ ანგარიშებს და ამტკიცებს ტექნიკურ დოკუმენტაციებს (ნახაზებს, საინჟინრო ანგარიშებს).