აღნიშნული გზა თბილისის კახეთთან დამაკავშირებელი ძირითადი მაგისტრალის და ასევე, აზერბაიჯანის ჩრდილო–დასავლეთ რეგიონთან დამაკავშირებელი სატრანზიტო დერეფნის ნაწილია. თბილისი-საგარეჯოს გზა ლოჭინის კვანძის აღმოსავლეთით იწყება და სოფელ თოხლიაურის კვანძის აღმოსავლეთით სრულდება. მაგისტრალი გვერდს აუვლის მჭიდროდ დასახლებულ სოფლებსა და ქალაქებს და სრულად განტვირთავს მოძრაობას. შედეგად, უზრუნველყოფილი იქნება გადაადგილების უსაფრთხოების მაღალი სტანდარტი და შემცირდება მგზავრობის დრო.
მონაკვეთის სიგრძე 7,6 კმ-ია და პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია 17 ხიდის მშენებლობა.
ვაზიანი-საგარეჯოს მონაკვეთის მშენებლობაზე 473 ადამიანია დასაქმებული, მათ შორის 365 საქართველოს მოქალაქეა.
პროექტის სამშენებლო სამუშაოებს საერთაშორისო კომპანია ერთობლივი საწარმო Gocay Insaat Taahhut ve Ticaret Anonim Sirketi და Maqro Construction LLC ახორციელებს.
პროექტი დაფინანსებულია საქართველოს მთავრობის მიერ და მისი ბიუჯეტი 150 მლნ ლარია.
სამშენებლო პროცესს ზედამხედველობას საერთაშორისო კომპანია IRD Engineering S.r.l უწევს. საზედამხედველო ჯგუფი ობიექტზე ამოწმებს გამოსაყენებელი სამშენებლო მასალების და შესრულებული სამუშაოების შესაბამისობას, ატარებს საჭირო ლაბორატორიული ტესტირებებს, აწარმოებს ხარისხის კონტროლს, ამოწმებს შრომისა და უსაფრთხოების შესაბამისობას სამუშაოების მიმდინარეობისას, ათანხმებს სამშენებლო სამუშაოების მეთოდოლოგიებს, ამოწმებს სამუშაოების გეგმა-გრაფიკების შესრულებას, შესრულებული სამუშაოების მოცულობებს, სწავლობს გარემოსა და სოციალური საკითხებს, ამზადებს ყოველთვიურ ანგარიშებს და ამტკიცებს ტექნიკურ დოკუმენტაციებს (ნახაზებს, საინჟინრო ანგარიშებს).