აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალი (E60-E70) ერთმანეთს საქართველოს სხვადასხვა რეგიონს აკავშირებს. გარდა ამისა, ეს მონაკვეთი წარმოადგენს საკვანძო დერეფანს საერთაშორისო ვაჭრობისთვის, ევროპასა და აზიას შორის. გზატკეცილი მნიშვნელოვან როლს თამაშობს ტურიზმის მიმართულებითაც, რადგან საგრძნობლად ამცირებს გადაადგილების დროს და მაქსიმალურად კომფორტულს ხდის მგზავრობის პროცესს.
ამ ეტაპზე, აღნიშნულ მაგისტრალზე მიმდინარეობს 8 პროექტის სამშენებლო სამუშაოები. მათ შორის ერთ-ერთია ე.წ. საუკუნის პროექტი, რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთი (ჩუმათელეთი-არგვეთა). ჯამში, რვავე მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოებზე 3 192 ადამიანია დასაქმებული, მათგან 1 988 საქართველოს მოქალაქეა, 1 204 კი – უცხოელი.
თითოეული პროექტის მშენებლობა დაფინანსებულია საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების, ან საქართველოს მთავრობის მიერ. თითოეული პროექტის დამტკიცებამდე, საერთაშორისო კვლევითი და საექსპერტო კომპანიების მიერ ჩატარდა შესაბამისი კვლევები, მშენებლობის პროცესში კი ხორციელდება პროცესის რეგულარული მონიტორინგი, საერთაშორისო საზედამხედველო ორგანიზაციების მიერ.